მაშ ასე

სანამ ჩვენი საერთო წამოწყების ამბავს გიამბობდეთ, ალბათ აჯობებს ჯერ საკუთარი თავი გაგაცნოთ. ჩვენ, დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაია ომიაძე და ანი ნიკოლაიშვილი - გარდა საპასუხისმგებლო სამსახურებისა, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, გვაქვს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიაც - ვართ დედები, შესაბამისად, მსგავსად სხვა მშობლებისა, მუდმივად გვაინტერესებს თუ სად გაქრა სპორტის გაკვეთილისთვის ახლახანს ნაყიდი ტანსაცმელი, ან საიდან აღმოჩნდა ჩვენი შვილების ჩანთაში ის ნივთი, რომელიც მათ სულაც არ ეკუთვნით?!
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ორი საპასუხისმგებლო პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მითუმეტეს მაშინ, როცა დედობას მრავალი, პატარ-პატარ გაუთვალისწინებელი სირთულე ახლავს თან. ასეთი საკითხების მოგვარება კი, თურმე იმაზე მარტივი ყოფილა, ვიდრე “ვისიას” შექმნამდე ვიფიქრებდით.
მარტივი გამოსავლის პოვნის შემდეგ, ჩვენი ამბავი ზღაპარივით გაგრძელდა:
იყო და არა იყო რა,
იყო ორი მეგობარი - ანი და მაიკო. მათ ჰყავდათ შვილები, რომელთაც საკუთარი ნივთების დაკარგვისა და სხვისი ნივთების სახლში მოზიდვის გასაოცარი უნარები გააჩნდათ.
დედები დიდხანს ცდილობდნენ ეს “ნიჭი” ბავშვების სასიკეთოდ ოდნავ შეეცვალათ. ამისათვის, ხან ღილები დააკერეს სკოლის ფორმის პიჯაკებს, ხან ძაფით მონიშნეს ტანსაცმელი - თუმცა, უშედეგოდ, ნივთების არევასა და დაკარგვას მაინც ვერაფერი მოუხერხეს.
შემდეგ კი გაჩნდა იდეა, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ანის, მაიკოს, მათი შვილებისა და უცხო ხელში მოხვედრილი ნივთების ცხოვრებაც კი.
ახლა კი დროა, კმაყოფილმა დედებმა დახმარების ხელი სხვა მშობლებისაც გავუწოდოთ და დაკარგული ნივთებისგან გამოწვეული უსიამოვნების თავიდან აცილებაში დავეხმაროთ.
გარდა იმისა, რომ “ვისია” ბავშვებს ნათლად აჩვენებს რომელი ნივთია მათი, ხოლო რომელი სხვისი, ის ასევე არაჩვეულებრივი პლატფორმაა, იმისთვის, რომ შვილმა და მშობელმა ერთად უფრო მეტი დრო გაატაროს, პაკეტის შექმნის პროცესი ხომ ძალიან მარტივი, სახალისო და სასარგებლოც კია!
აი ასე.
სხვისი ნივთი იქა.
ჩვენი - აქა.